2014 წლის 4 აგვისტოს ჯიჯის ესტუმრა ავთანდილ ხარჩილავა და ია იაშვილი.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსები, ცოლ-ქმარი - ავთანდილ ხარჩილავა და ია იაშვილი შვილთან ერთად დღეს ჯიჯის ესტუმრნენ, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიმნაზიის დირექტორს ჯამბულ ნაჭყებიას, ადმინისტრაციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ ჯიჯის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა დაათვალიერეს და ნანახით აღფრთოვანება გამოთქვეს..... გიმნაზიის დირექტორი სტუმრებს იმ გამოწვევბზე ესაუბრა, რომლის წინაშეც სასწავლებელი დგას და სამომავლო გეგმებიც გააცნო. პროფესორებმა ავთანდილ ხარჩილავამ, რომელიც ზუგდიდელია, და მისმა მეუღლემ ია იაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გიმნაზიის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში გამართეს და ჯიჯის ადმინისტრაციას საკუთარ მიღწევებზე და პროფესიულ გეგმებზე ესაუბრნენ.
ავთანდილ ხარჩილავა - ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბაფალო, კამუსი) ზოგადი ფიზიკისა და სპეციალურ კურსებს ასწავლის და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას მეუღლესთან ერთად ეწევა. თავდაპირველად, სამეცნიერო მოღვაწეობა პროფესორებმა შვეიცარიაში დაიწყეს, შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში გააგრძელეს. ისინი დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ CERN-თან, (ევროპის გაერთიანებული ატომური კვლევების ლაბორატორია) და ჩიკაგოში, სადაც უდიდეს ექსპერიმენტებზე მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით, 2000 მეცნიერი მუშაობს.
დღეს სტუმრებმა ჯიჯისთან სამომავლო ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს და გიმნაზიის დირექტორთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადება განიხილეს. მიღწეულ იქნა შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი თანამემამულე პროფესორები გიმნაზიას შეპირდნენ, რომ საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურას ფიზიკაში, ფიზიკის პოპულაეიზაციის მიზნით ჩაატარებენ საჯარო ლექციებს, როგორც მოსწავლეებისა და სტუდენტების, ასევე მოზრდილებისათვის, ჯიჯის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩართავენ საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტებში, პროექტის „დიალოგი საინტერესო ადამიანებთან “ ფარგლებში შეხვდებიან ჯიჯის მოსწავლეებს და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს.
ჯამბულ ნაჭყებიამ მადლობა მოახსენა სტუმრებს გიმნაზიით დაინტერესებისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა პროფესორ იური ბაღათურიას წვლილი ჯიჯის საბუნებისმეტყველო მიმართულების განვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ურთიერთობები სამაგალითო გახდება სხვა წარმატებული ადამიანებისთვისაც.