error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
მოსწავლის ქცევის კოდექსი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი

1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი’’) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.

4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი
1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.
2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

მუხლი 3. რეგულირების სფერო
1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.
2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.

თავი II. მოსწავლის ქცევის წესები

მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

19 თებერვალი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.