error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ცნება და მიზანი

1. სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი (შემდგომში ,,ეთიკის კოდექსი”) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება დირექტორის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მას მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.

2. ეთიკის კოდექსის მიზანია სკოლის დირექტორის სავალდებულო ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.

3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.

მუხლი 2. რეგულირების სფერო


ეთიკის კოდექსი ვრცელდება იმ დირექტორებზე, რომლებიც ხელმძღვანელობენ სასწავლო პროცესს საქართველოში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

თავი II. სკოლის დირექტორის ქცევის წესები

მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა

1. სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.

2. სკოლის დირექტორი იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს.

3. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას.

4. სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია.

5. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

6. სკოლის დირექტორი იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა.

7. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

8. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში.

9. სკოლის დირექტორი არჩევს სკოლის პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.

10. სკოლის დირექტორი იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

12. სკოლის დირექტორი არ ეწევა რელიგიურ (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.

13. სკოლის დირექტორი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.

14. სკოლის დირექტორი არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.

15. სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას.

16. სკოლის დირექტორი არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე.

17. სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

18. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

19. სკოლის დირექტორი ზრუნავს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე.

20. სკოლის დირექტორი ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.

21. სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.


მუხლი 4. მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა

1. სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

2. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

3. სკოლის დირექტორი ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.

4. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში.

5. სკოლის დირექტორი უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის.

6. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.

7. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.

8. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.

მუხლი 5. მოსწავლეებთან ურთიერთობა

1. სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება.
2. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

3. სკოლის დირექტორი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.

4. სკოლის დირექტორი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.

5. სკოლის დირექტორი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

6. სკოლის დირექტორი არ უწევს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. სკოლის დირექტორი ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.

მუხლი 6. მშობლებთან ურთიერთობა

1. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში.

2. სკოლის დირექტორი, მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ.

3. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.

4. სკოლის დირექტორი მშობელთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.

თავი III. ეთიკის კოდექსის დარღვევა

მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე

სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.