2015 წელი, 19 ნოემბერი, 09:30
„პატარა ჯიჯიელები წუთებს ითვლიან, სადაცაა მივალ. დიდი სამზადისი აქვთ, ფაციფუცობენ. ერთმანეთს ეკითხებიან როგორ აჯობებს დახვედრა...
გახა მასწავლებელი, როგორც ყოველთვის, ჩვეული ემოციით ბავშვების გვერდით დგას და დარიგებებს აძლევს. ქალბატონი ესმა უთანხმებს ბატონ გახას, რომ ვუახლოვდებით ჯიჯის. თითქოს პატარა შეთქმულება მზადდება...
და აი, გამოჩნდა ქრისტი მასწავლებელი... ქალბატონი მაია თვალით ანიშნებს მოსწავლეებს მასწავლებლის შემოსვლას... ქრისტი მასწავლებელი ჩვეული ღიმილით მოაბიჯებს...
პატარების საყვარელი ხმა „რა ლამაზი დღეაა... რა ნათელი მზეაა....“
ქრისტი მასწავლებელი გაოცებული უყურებს თავის საყვარელ მოსწავლეებს და სიხარულის ცრემლით ევსება თვალები...
საქმიანი სახით ქალბატონ მაკას მიჰყავს სურათის გადასაღებად, რომ ჯიჯის ფეისბუქ გვერდზე მიულოცონ დაბადების დღე...
საყვარელი თანამშრომლების მოლოცვები, ყველა ერთხმად: „ქალბატონო იუბილარო! გილოცავთ“.თბილი სიტყვები, სასიამოვნო კომპლიმენტები. ყველაზე ბედნიერი, პოზიტიური დღე ქრისტის ცხოვრებაში.“
ჯიჯიში ყველა დღე ასეთია: სითბოთი და სიყვარულით სავსე.
ჩემი და ჯიჯის მეგობრობა ერთი წლისაა. შემთხვევით აღმოვჩნდი ამ განსხვავებულ სამყაროში და იმ დღიდან, ჯიჯი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. აქ არიან ჩემი პირველი მოსწავლეები, ჩემი ჯიჯიელები, რომლებმაც მაგრძნობინეს თუ რა არის მასწავლებლობა, მაგრძნობინეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქამდე არ განმიცდია.
„ქრისტი მასწავლებელო, თქვენ მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებელი ხართ!“
„ქრისტი მასწავლებელო, ძალიან გვიყვარხართ.“
„ქრისტი მასწავლებელო, დედაჩემი ასე არ ხტუნავს.“
ეს სიტყვები ბედნიერებას მანიჭებს, მაგრამ ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს მაკისრებს. ჯიჯი მაძლევს საშუალებას გავიზარდო და ჩემი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად მოვახდინო