მოსწავლის ქცევის წესები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი’’) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.
4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.
მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.
2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
მუხლი 3. რეგულირების სფერო1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.
2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში.
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები
მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.
მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულებამოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესიმოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.